ნახევრად შებოლილი ძეხვიც დელიკატესად მიიჩნევა, მისი დამზადების ტექნოლოგიაც რთულია, ხორცი ჯერ იწვება, შემდეგ იხარშება და მხოლოდ ამის შემდეგ იბოლება, ამ პროცესში დანაკარგი დიდია და შესაბამისად ხორციც წონაში იკლებს. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები დანაკარგს სხვადასხვა დანამატებით ავსებენ. ცნობილია, რომ სოიო ერთერთი ყველაზე ხშირადგამოყენებადი პროდუქტია ძეხვში, თუმცა ფარშის გასაბევრებლად ასევე წარმატებით იყენებენ ცელულოზას. ცელულოზა არის მცენარეული უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მას ძირითადად საფეიქრო დანიშნულებით იყენებენ, ასევე მისგან ამზადებენ ქაღალდსაც, სწორედ აქედან მოდის ფრაზა, რომ ძეხვი ტუალეტის ქაღალდისგან მზადდება. ცელულოზა იწოვს წყალს და მარტივად იზრდება მოცულობაში, სწორედ მოცულობაში გაზრდისთვის ამატებენ მას ძეხვის ფარშში. არც სოიო და არც ცელულოზა არ წარმოადგენს საშიშროებას ჯანმრთელობისთვის, პირიქით სასარგებლოც კია, თუმცა გარდა იმისა, რომ არავის უნდა მსგავსი შემადგენლობის ძეხვში ბევრის გადახდა, არსებობს კიდევ ერთი რისკი : იმისთვის, რომ მცენარეული დანამატებით გაჯერებული ძეხვი, ხორცით დამზადებულს მიემსგავსოს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს და საღებავებს იყენებენ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.