
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია.
ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.
ასევე, ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად, დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი; პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი; ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს დღეს დაიწყებენ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს უწყებაში შესული განცხადებების საფუძველზე შეამოწმებენ. გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების განახორციელების უფლება მიეცემათ.





