გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. ამასთან, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ. ბორის ჯონსონის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამებისგან ქვეყნის დაცვაა. ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.