2021 წლის 26 იანვარს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, გაიმართება.
როგორც “პალიტრანიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განხილვა გაიმართება განსხვავებული ფორმატით - ვირტუალურად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით.
საქართველოს ეროვნული ანგარიშის როგორც მომზადების, ისე მისი განხილვის პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს 105 ქვეყნის წარმომადგენელი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.