კოვიდ-19 პანდემიის გამო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გაეროში აცხადებენ.
ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელის მარკ ლოუკოკის თქმით, პანდემიამ, განსაკუთრებით ყველაზე არამყარი და დაუცველი ქვეყნები დააზარალა. გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილის, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე იდგებიან, მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში, დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს.