გაეროს ექსპერტების ინფორმაციით, რუსი დაქირავებულები ლიბიაში მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდასაჭერად იბრძვიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსი სამხედროების ლიბიაში ყოფნას ოფიციალურად ადასტურებს. მათი ცნობით, ქვეყანაში "ვაგნერის დაჯგუფების" მებრძოლები იმყოფებიან, რომელთა რაოდენობაც 800-დან 1200-მდე მერყეობს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "ვაგნერის დაჯგუფება" რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჯგუფია, რომელსაც კრემლთან ასოცირებული რუსი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოზინი აფინანსებს და აკონტროლებს.
ცნობისთვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.