2018 წელი მოქალაქებიისთვის ტარიფების გაძვირებით დაიწყო. მომატებული ტარიფი პურის სამომხმარებლო ფასზეც აისახა. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ზოგიერთმა მცირე საცხობმა პურზე ფასი 5-10 თეთრით უკვე გაზარდა. თუმცა დოლიძე იმასაც ამბობს, რომ მეწარმეთა ნაწილმა ტარიფების ცვლილება არა ფასის კორექტირებაში, არამედ პურის წონაზე ასახა.დღესდღეობით წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს ფქვილს 35-36 ლარად აწვდიან. მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა წისქვილკომბინატებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად ვალუტის კურსის ცვლილებას ასახელებს, რომელიც ხორბლის ფასსა და ტრანსპორტირების ხარჯზე ჰპოვებს ასახვას. სილაგავას თქმით, ელექტროენერგიის გაძვირება ფქვილის ფასზე მხოლოდ მცირედით შეიძლება აისახოს. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე რომ წისქვილკომბინატებს გარდამავალი მარაგი აქვთ, ეს შესაძლებლობას იძლევა, თვენახევრის განმავლობაში ფქვილზე ფასი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს, რომ მეპურეებს საბოლოო პროდუქტზე ფასის კორექტირება დასჭირდეთ.