ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი "გადარჩენილი" სლოგანით: „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი პრემიების მფლობელი გახდა, არამედ 2015 წლის ჰიტად იქცა და ვესტერნის ჟანრის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.
ფილმის მოქმედება მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში ვითარდება, როცა ტრაპერ (ცხოველის ძვირფას ბეწვზე მონადირე ჩრდილოეთ ამერიკაში)ჰიუ გლასს გამძვინვარებული დათვი ესხმის თავს. ინდიელებს გაქცეული ჯგუფი ორ ნაწილად იყოფა, მომაკვდავ გლასთან მისი შვილი ჰოუკი, მონადირეები ჯიმ ბრიჯერი და ჯონ ფიცჯერალდი რჩებიან, რომელიც უმოწყალოდ კლავს ჰოუკს, ბრიჯერს კი, გლასის მიტოვებას აიძულებს. თუმცა მძიმედ დაჭრილი გლასი მაინც ახერხებს გადარჩენას და შურისძიების სურვილით ხიფათით სავსე თავგადასავალში ებმება.
გრანდიოზული წარმატების მიუხედავად, თითქმის 15 წელი დასჭირდა „გადარჩენილის“ რეალიზებას. ფილმი მაიკლ პანკეს ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე შეიქმნა. უფლება ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ხელნაწერზე ამერიკელმა პროდიუსერმა და სცენარისტმა აკივა გოლდსმანმა შეიძინა 2001 წელს და თავად დაამუშავა სცენარი, ფილმის დადგმა კი, სამხრეთ კორეელ რეჟისორს პაკ ჩჰან უკმას შესთავაზა, რომელმაც მთავარ როლზე სემუელ ჯექსონის მიწვევა გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი სურვილით დატოვა პროექტი. მუშაობა მხოლოდ 9 წლის შემდეგ განახლდა, როცა მარკ სმიტმა კომპანია Anonymous Content-ის დაკვეთით სცადა რომანის ადაპტირება. მართალია, თავიდან პროდიუსერები პოპულარული სერიალის „შავი სარკის“ ავტორთან ჯონ ჰილკოუტთან გეგმავდნენ თანამშრომლობას, რომელმაც კრისტიან ბეილის შესთავაზა გლასის განსახიერება, მაგრამ რამდენჯერმე შეცვლილი გეგმების შემდეგ, 2011 წელს ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსთან გაფორმეს კონტრაქტი.