გაათავისუფლებენ თუ არა დავით კირკიტაძეს, დღეს გახდება ცნობილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის საქმეზე დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართება, რომელზეც სასამართლო კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებს. კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანში ჩასვლას და პროცესზე დასწრებას გეგმავენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფელ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს.