ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ჩემო ძვირფასო ბელარუსებო, საწარმოების თანამშრომლებო, თქვენ ახალი ბელარუსის სიმბოლო ხართ, მომავალი ბელარუსის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების მომავალი თქვენს ერთიანობასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მოგიწოდებთ, გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები,“ - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. მან საპროტესტო აქციების მიზნად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება დაასახელა. შეგახსენებთ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.