ფუტკარს შეუძლია მათემატიკური მოქმედებების განხორციელება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მეცნიერები, რომლებმაც ფუტკრებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 14 ფუტკარი მონაწილეობდა. მწერებისთვის დაამზადეს ლაბირინთი, რომელსაც Y(იგრეკის)-ის ფორმა ჰქონდა. ლაბირინთს ჰქონდა ერთი შესასვლელი და ორი გამოსასვლელი.
ლაბირინთის გამოსასვლელთან ფუტკრებს აჩვენებდნენ ნახატებს, სადაც ლურჯად და ყვითლად შეფერილი გეომეტრიული ფიგურები რომბი, წრე და სამკუთხედი იყო გამოსახული. ლურჯი ფერი ნიშნავდა მიმატებას, ყვითელი - გამოკლებას. ლაბირინთის შიგნით ფუტკრებს უნდა მოეძებნათ სწორი პასუხი ამ ნახატებიდან და ლაბირინთიდან გასულიყვნენ. 100 ცდის შემდეგ ფუტკრებმა გადალახეს ლაბირინთი, ამისთვის მათ 4-დან 7 საათამდე დასჭირდათ და ზუსტად მიხვდნენ, რომ ლურჯი +1-ს და ყვითელი -1-ს ნიშნავდა. ექსპერიმენტის მსვლელობისას ფუტკრებმა არა მხოლოდ შეძლეს დავალების შესრულება, არამედ დაამუშავეს ინფორმაციაც.
კვლევამ აჩვენა, რომ არითმეტიკული ფიგურების გამოყენების დროს მიმატება და გამოკლება ფუტკრის ტვინსაც შეუძლია, მეცნიერების განმარტებით, მიღებული შედეგები მათ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარებათ.