არწივი - მედიდური არწივი, რომელიც ამაყად ატარებს ფრინველთა მეფის ტიტულს, რადგან მთელ ველურ ბუნებას საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევს და ერთნაირად სცემს თავზარს როგორც ხმელეთის, ისე წყლისა და ცის ბინადრებს, უძველესი დროიდან სარგებლობს ადამიანის პატივისცემით, რომელიც განურჩევლად კულტურისა და ცივილიზაციისა, საოცარ ლეგენდებს ქმნის მტაცებელ ფრინველზე და აუცილებლად ზებუნებრივ თვისებებს მიაწერს. თანამედროვე სამყაროში არწივი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰერალდიკური სიმბოლოა, რადგან ყოველთვის დიდებას და ძალაუფლებას, გამარჯვებას და წარმატებას სიმბოლიზირებს.
მასიურ არწივს, რომელიც საშუალოდ 7-10 კილოგრამს იწონის, სიმაღლე კი, 80 სანტიმეტრს აღემატება, საკმაოდ მკვრივი ტანი აქვს კარგად განვითარებული მუსკულატურით და ბრჭყალებამდე ბუმბულით დაფარული გრძელი, ძლიერი ფეხებით. ამასთანავე, მდედრი არწივი გაბარიტებით უფრო მსხვილია, ვიდრე მისი პარტნიორი მამრი.
მონოგამი არწივი, რომელიც არ ცნობს პარტნიორთა მრავალფეროვნებას, მხოლოდ ერთხელ ირჩევს მეწყვილეს და მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩება
მტაცებელს პატარა, კომპაქტური თავი, თუმცა მსხვილი და დაკუნთული კისერი აქვს, რომელსაც ყოველთვის ენერგიულად ამოძრავებს და სწორედ ასე კომპენსირებს ფოსოში მყარად ჩასმული თვალის კაკლების უმოძრაობას. ბრწყინვალე მხედველობით დაჯილდოვებული არწივი, მახვილი თვალის და პერიფერიული მხედველობის წყალობით იკვლევს მოცულობით ტერიტორიას, სულ მცირე 10 კილომეტრის რადიუსში და ისეთ წვრილ მსხვერპლსაც თავისუფლად ამჩნევს, როგორიც თაგვი, გველი ან ხვლიკია.
გრძელი და განიერი ფრთების წყალობით, არწივს სულ მცირე 700 მეტრის სიმაღლეზე და საკმაოდ დიდხანს შეუძლია მოუქანცავად ფრენა, მით უფრო, რომ ფრთათაშორისი განი 2 მეტრს აღემატება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფრთების ძლიერი და ღრმა მოსმის წყალობით მანევრირებს ფრინველი და ძლიერ ქარშიც მარტივად უმკლავდება ჰაერის ნაკადს, პოტენციალური მსხვერპლის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ჯერ ჰაერში ეკიდება, მერე ქვასავით ეშვება და მთელი 320 კილომეტრ/საათის სიჩქარით პიკირებს.