საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.