ფრანგმა გამოგონებელმა 40 წლის ფრანკი ზაპეტამ მფრინავი დაფის მეშვეობით ინგლისის არხს გადაუფრინა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ დუვრში ჩააღწია. აღსანიშნავია, რომ 36 კილომეტრის გაფრენა მან 20 წუთში შეძლო. გზაში ის მხოლოდ ერთხელ გაჩერდა საწვავის შესავსებად.
დუვრში დაფრენის შემდეგ ზაპეტამ განაცხადა, რომ ამაყობს საკუთარი მიღწევით. საფრენი აპარატი ზაპეტამ ტექნიკურ გუნდთან ერთად თავად შექმნა. ის 5 პატარა ძრავისაგან შედგება და 190 კილომეტრი/საათი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ზაპეტამ პირველად ინგლისის არხზე გადაფრენა მიმდინარე წლის 25 ივლისს სცადა, თუმცა, მისი მცდელობა წონასწორობის დარღვევის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა და წყალში ჩავარდა.