ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"მიღებულია ზომები იმისთვის, რომ დაწეულიყო მდინარეში წყლის დონე, რათა მაშველებს გაუადვილდეთ მუშაობა. შეიქმნა სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამისი უწყება, ვინც ჩართულია ამ პროცესში შტაბში იქნება და ადგილიდან მოახდენს ყველაფრის ორგანიზებას და ზომების გატარებას" - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. გუშინ, ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე იდგა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.