ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში დამნაშავეს ქართველი სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა ეძებენ. არსებობს ფოტორობოტიც, რომლის საშუალებითაც პოლიცია ეჭვმიტანილზე გასვლას ცდილობს. ამავდროულად შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. პროცესი დიღმის მასივში მდებარე განყოფილებაში 1 აგვისტოს გვიან ღამით დასრულდა - გამომძიებელთა შეკითხვებს 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგის მეგობრებისა და კოლეგების ნაწილმა უპასუხა. ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ის ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.