ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დევნოზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, დაცვის მხარე კი დევნოზაშვილისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურორებმა შუამდგომლობა არ დააყენეს. როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მუხაძეს სხვა საქმეზე უკვე დადებული აქვს მსჯავრი და შესაბამისად, მასზე აღკვეთის ღონისძიება არ იქნება მოთხოვნილი. მთავარმა პროკურატურამ ფოტოგრაფების საქმე 6 დეკემბერს გახსნა. ამავდროულად, საგამოძიებო ორგანო ფოტოგრაფების მიმართ სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.