ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც გამოძიება თაღლითობაში დახმარებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გია დარჯანია შეასრულებს. საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.