ამერიკული კორპორაცია Ford-ი მსოფლიოს მასშტაბით 950 ათას ავტომობილს უკან იწვევს. ამის მიზეზი კი იაპონური მწარმოებლის Takata-ს ფირმის წუნდებული უსაფრთხოების ბალიშებია, რომლის შედეგადაც უკვე 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
კერძოდ, გაწვევას ექვემდებარება ქროსოვერები Ford Edge (ფორდ იჯი) და Lincoln MKX (ლინკოლნ ემ კეი იქს) 2010 სამოდელო წლის გამოშვება, ასევე პიკაპები Ford Ranger (ფორდ რეინჯერი) 2010-2011 წლის გამოშვება და 2010-2014 სამოდელო წლის სედანები Ford Mustang-ი.
როგორც ცნობილია, Takata სკანდალში 2014 წელს აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ამ კომპანიის მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშები ავარიისას შეიძლება სწორად არ გაიხსნას, გასკდეს ან სალონში მსხდომი ადამიანების მისამართით გაისროლოს მეტალის ნაწილაკები. ჯამში, ამ დეფექტიანი უსაფრთხოების ბალიშების გამო მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 მილიონზე მეტი ავტომობილია გაწვეული.