ფლორიდის შტატში ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. ინციდენტი პატარა ქალაქ სებრინგში ბანკ SunTrust-ის ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის მამაკაცია, რომელიც ბანკის ოფისში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს იატაკზე დაწოლისკენ მოუწოდა. შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. პოლიციამ ბანკის შენობა შტურმით მალევე აიღო. თავდასხმის მიზეზი ჯერ უცნობია. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბანკში მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა.