ფინეთში სკოლის სასწავლო პროგრამიდან საგნების ამოღებას გეგმავენ. ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიო კილონენის განცხადებით, სწავლების მეთოდი, რომელიც ამჟამად გამოიყენება არის მოძველებული და იგი სარგებლის მომტანი მხოლოდ 1900-იან წლებში იყო. მისი თქმით, დროთა განმავლობაში ადამიანების საჭიროებები იცვლება და საჭიროა სწავლების ახალი მეთოდების შემოღება, რათა მოსწავლეებს აზროვნების და განვითარების საშუალება მიეცეთ.ამ მიზნით იგეგმება სასწავლო პროგრამიდან ყველა საგნის ამოღება, რომლებიც ჩანაცვლდება სწავლების ინდივიდუალურ მეთოდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს აღარ ჩაუტარდებათ მათემატიკის, გეოგრაფიის ან ისტორიის გაკვეთილები. ახალი სისტემა, რომელიც 2020 წლისთვის ამოქმედდება, 16 წლის მოსწავლეებზე იქნება გათვლილი, რის შემდეგაც მოზარდს ექნება ჩამოყალიბებული ინტერესები და ამის მიხედვით აირჩევს პროფესიას.ინიციატორები აცხადებენ, რომ ახალი კონცეფციის ამოქმედების შემდეგ მოსწავლეები ცალკეული საგნის გაკვეთილებზე აღარ ისხდებიან უინტერესოდ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლემ იცის რომ ფიზიკა მას მომავლის პროფესიაში არ სჭირდება, ამ საგანზე დროს ტყუილად ხარჯავს. ამის ნაცვლად, მათ საშუალება ექნებათ გამოიმუშავონ სხვადასხვა უნარი და გამოკვეთონ საკუთარი ინტერესები, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ.ფინეთის განათლების სისტემა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს გუნდურ მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოსწავლეები პროექტებზე ცალკე არ მუშაობენ, ისინი მცირე ჯგუფებში სწავლობენ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას.ჰელსინკის მასწავლებელთა 70%-მა ახალი სისტემისთვის მზადება უკვე დაიწყო.