ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. მისი განხილვა 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.კერძოდ, პროექტი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს რეორგანიზებას და მის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიერთებას გულისხმობს. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
კანონის არსებული რედაქციით, სახელმწიფო ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ორ ადმინისტრაციულ ორგანოზეა გადანაწილებული. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვას და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მოძრავი ქონების განკარგვას - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.