ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, გააყალბეს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ურთიერთშორის თითქოსდა განახორციელეს ქვიშა - ხრეშის მიწოდებები.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 154 857 ლარი.