"საბანკო ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილების დავალიანებაზე მონაცემები იყოს, რადგან მოვალის გარდაცვალება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს" - ასე ეხმაურება ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას , თითქოს საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.