ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის, გადადგომას მოითხოვს. მისი თქმით, სოსო რამიშვილი იმ კორუფციული სქემის მონაწილეა, რომელიც ეხებოდა დღგ-ს დამალვას.
ხაბეიშვილის თქმით, შეუძლებელია კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი დანაშაულში და ფულის გათეთრებაში თვითონ იყოს ამ საქმის გამოძიების მწარმოებელი. ამასთან ხაბეიშვილმა ის პიროვნებებიც დაასახელა, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.
მედიასთან კომენატარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების მასშტაბი დიდია და ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული, დაუსჯელი არ დარჩება. მისივე თქმით, საქმეში მონაწილე პირებს გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართაა დაწყებული, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება.