აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში მეორე დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დემონსტრანტები 27 წლის ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც პოლიციელების მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა. ფილადელფიელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა და ასობით მოროდიორმა ქალაქში მაღაზიების ძარცვა დაიწყო. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, პორტ რიჩმონდის რაიონში გადაადგილებას მოერიდონ, სადაც მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, არეულობის შედეგად 30 სამართალდამცავი დაშავდა. დაკავებულია 90-ზე მეტი ადამიანი.
ფილადელფიის პოლიცია განმარტავს, რომ ორი დღის წინ სამართალდამცავებმა 27 წლის ფერადკანიან მამაკაცს, უოლტერ უოლესს ცეცხლი იმის გამო გაუხსნეს, რომ ის პოლიციის თხოვნას არ დაემორჩილა და არ გადააგდო დანა, რომელიც ხელში ეჭირა.