მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური სტადია დასრულდა და ორი უკანასკნელი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. დიდი სენსაცია მოხდა აშშ-ის ნაკრებისა და საფრანგეთის დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ნებისმიერი შემადგენლობით ყველასთან ფავორიტია ფრანგებმა მეტოქე 89-79 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორე და მესამე მეოთხედებში უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა, მეოთხე მეოთხედში აშშ 7 ქულით გაიქცა, თუმცა საბოლოოდ ფრანგებმა ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება შეძლეს მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რუდი გობერი გახდა, რომელმაც 21 ქულა 16 მოხსნა 1 ჩაჭრა 3 ბლოკი და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აშშ-ს მხრიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 29 ქულასთან ერთად 2 ჩაჭრა 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
მეორე მეოთხედფინალურ მატჩში სენსაცია აღარ დაფიქსირებულა. ჩეხეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და მწვანე კონტინენტის ბინადრებმა მეტოქეს მარტივად 82-70 სძლიეს. მატჩში საუკეთესო ავსტრალიელთა გამთამაშებელი პატი მილსი იყო, რომელმაც 24 ქულა 4 მოხსნა და 6 ასისტი მოაგროვა. ნახევარფინალში ავსტრალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელთანაც აუტსაიდერებად მიიჩნევიან. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის მეტოქე ფინალისთვის ბრძოლაში არგენტინა იქნება, რომელმაც 2 დღის წინ კიდევ ერთი მთავარი ფავორიტი, სერბეთი დაამარცხა.