იტალიურმა Ferrero-მ სამეგრელოს სამ რაიონში თხილის ბაღები გაყიდა.
რა გახდა მიზეზი და არის თუ არა ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც 2024 წლამდე კომპანიის წარმოება ადგილობრივი, იტალიური თხილით უნდა ჩანაცვლდეს, ჯერ უცნობია. კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ კომპანიამ ბაღების მხოლოდ 30% გაყიდა. ის ბაღები კი, სადაც უმაღლესი ხარისხის თხილი მოდის, კვლავ კომპანიის მფლობელობაშია.
Ferrero საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და შპს "აგრიჯორჯია" დააარსა. კომპანიამ თხილის პლანტაციები საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში გააშენა. 2017 წლის მონაცემებით, Ferrero-ს საქართველოში 4 ათას ჰექტარზე მოჰყავდა თხილი.