აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა სულ უფრო მზარდი ხდება. ამ დროის მონაცემებით, 2019 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 9 834 პოლისი. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 5 ათასს აღწევს. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4 მილიონ 148 ათას 239 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 10 473 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში 96 ათას ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, სტიქიისგან მიყენებული ზარალი განსაკუთრებით დიდია კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამ დროისთვის, შიდა ქართლში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ჯამში დაზარალებულია 700-ზე მეტი ოჯახი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროგრამაში, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ი.