ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება, ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.