პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა.პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ანდრეევის ძმამ იმ ფაქტების შესახებ ისაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია.
დიმიტრი ანდრეევი ცოლთან, სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.