თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე მივიდა. მისი ინფორმაციით, გამოკითხვაზე სავარაუდოდ მოწმის სახით არის დაბარებული, რადგან აღნიშნულ მასალებს ბოლო სამი დღის განმავლობაში აშუქებდა.
ნადიბაიძის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა პროკურატურას სულ სხვა ინტერესებიც ჰქონდეს.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.