თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა. სანდრომ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ 1/2-ფინალში ფრანგი ელიოტ ბიბის იოლად, 15:4 მოუგო, 1/4-ფინალში კი გზიდან რუმინელი რაზვან ურსაჩი ჩამოიშორა. სანდრო ბაზაძეს ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე სამი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული და კონტინენტის ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ანტალიაში იასპარეზა სანდროს ძმამ ბექამაც, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა, იქ კი სწორედ მომავალ ფინალისტთან, იტალიელ ლუკა კურატოლისთან 15:11 წააგო. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რვა საუკეთესოს შორის ორი, ქართველი მოფარიკავე იყო.