პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „თავისუფლების მოედანზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ, ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან. მათივე განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი. ბანერი უცნობმა პირმა ჩამოხია და გაიქცა.