ოქრო შეიძლება გახდეს ევროკავშირის სანქციების ახალი სამიზნე - ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულის შესახებ მსჯელობა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.
როგორც სააგენტო წერს, სკანდინავიის ქვეყნებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი წარადგინეს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და ბელგიას, უკვე არსებულ სანქციებზე მეტი კონცენტრირება სურთ.
Reuters-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ჯერ არ მუშავდება, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სექტორების განსაზღვრაზე, რომელიც შეიძლება მოექცეს ამ პაკეტში. რუსული ოქროს დასანქცირების მომხრეა ასევე დანიაც.
თუმცა აღსანიშნავია, რომ უცნობია, საუბარი მიდის რუსული ოქროს ექსპორტის თუ იმპორტის აკრძალვაზე. სააგენტოს მასალები ასევე არ ცხადყოფს იმას, არის თუ არა საუბარი რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვებზე ან ზოგადად რუსეთში მოპოვებულ ოქროზე.