„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურ მხარეს ნებისმიერი კინკლაობა მიუღებელია და ეს არის სიბრიყვე. ამ განცხადებით ვაშაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. კითხვაზე, რამდენაც არის შესაძლებელი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში შეთანხმებულ ოლქებშიც წარადგინოს საკუთარი კანდიდატები, ვაშაძის თქმით, „ჰიპოთეტურ დაშვებებზე საუბარი საერთოდ არასწორია“. მისივე განცხადებით, თუ ვინმე აპირებს პრემიერ-მინისტრი იყოს, საკუთარი გეგმები ხალხს უნდა წარუდგინოს. შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ კოალიციურ მთავრობაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.