„ევროპული საქართველო“ “თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამის დადგენილების პროექტს პარტია 11 მარტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს. უფრო კონკრეტულად, დადგენილების პროექტი „თიბისი ბანკსა“ და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს შემდეგი საკითხები: ვინ დგას “თიბისი” ბანკის მიმართ განხორციელებული ორკესტრირებული შეტევის უკან; ხომ არ უკავშირდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე ზეწოლა ანაკლიის პორტის მშენებლობას; ვინ არის “თიბისი ბანკის“ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ორგანიზატორი და რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება; ვინ დგას სოციალურ მედიაში ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების მეშვეობით განხორციელებული საინფორმაციო შეტევის უკან.