პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის განხილვა წლის ბოლომდე მოხდება. როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას და მისი პასუხების მოსმენას ელოდებიან. "მიუხედავად ბევრი მოტყუებისა, მინისტრი აპირებს მოვიდეს პარლამენტში. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვექნება დადგენილების განხილვა. ჯერ ველოდებით მინისტრის მოსვლას და მისი პასუხების მოსმენას. ეს თემა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში დიდი ხანი, ვიდრე ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პასუხები არ ექნება. ეს არის კითხვები, რომლებიც არ განელებულა და მათ თუ გონიათ პოლიტიკური პიკი გადავიდა და საზოგადოებას დაავიწყდა, ძალიან ცდებიან" – განაცხადა სერგი კაპანაძემ.