"ევროპული საქართველო" ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ისტორიაზე სახიფათო თავდასხმის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, პუტინის მხრიდან ისტორიაში ასეთი წიაღსვლა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს იდეა, მიუღებელია. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ისტორიის და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზიზღით აღსავსე სიცრუეს, საქართველოს გენოციდში და აგრესიაში დადანაშაულებას სათანადო რეაგირება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ მოყოლია, რაც თავისთავად სახიფათოა.