შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მანამდე ბელგიის მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკია, რადგან სწორედ ის თავჯდმთავომარეობს ევროპული საბჭოს სხდომებს და წარმოადგენს ევროკავშირს საერთაშორისო არენაზე.
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი 1975 წლის 21 დეკემბერს დაიბადა ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში. მისი მამა - საკმაოდ ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი ლუი მიშელი ჯერ ქალაქ ჟოდონის მერი და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მერე ევროკავშირის კომისარი განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, მოგვიანებით კი, ევროპულ პარლამენტს შეუერთდა.
ადრეული ასაკიდან პოლიტიკაში ჩაბმული შარლი ბავშვობაში მამის სააგიტაციო პლაკატებს ავრცელებდა, 16 წლისა „ჟოდონის ახალგაზრდა რეფორმატორ-ლიბერალთა“ ორგანიზაციას შეუერთდა, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობდა, 18 წლისა კი, ვალონიის ბრაბანტის პროვინციის საბჭოში აირჩიეს მრჩევლის სტატუსით.
ბრიუსელის ფრანგულენოვანი თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საბაზისო ცოდნის შეძენის შემდეგ, მიშელმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - ამსტერდამის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, რომლის დასრულების შემდეგ ადვოკატად დაიწყო მუშაობა.
1999 წელს პერსპექტიული ახალგაზრდა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობით პალატას შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი, ვალონიის მთავრობის შინაგან საქმეთა და 25 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა ბელგიის ისტორიაში, თუმცა, მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ვავრის ქალაქის საბჭოშიც გაწევრიანდა, 2004 წელს კი, ერთდროულად ორ - ქალაქთმშენებლობის მრჩევლისა და რეფორმატორული მოძრაობის პრეს-მდივნის პოზიციაზე მოსინჯა შესაძლებლობები.