ევროპულ ფოლკლორში ათვალწუნებული ტურა, რომელმაც დიდი ხნით გაიფუჭა რეპუტაცია, ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ძველეგვიპტურ მითოლოგიაში. ეგვიპტელები ცხოველს გარდაცვლილთა სულების მფარველად მიიჩნევდნენ, მიცვალებულთა სამეფოს ღმერთს ანიბუსს კი, სწორედ ტურას თავით და ადამიანის ტანით გამოსახავდნენ. საკუთარი თქმულებები აქვთ კავკასიელებსაც, რომლებიც ხშირად მლიქვნელ, გაქნილ ადამიანსაც ცხოველს ადარებენ და მისი სახელით მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ცხოველის განწირული კივილი სწორედ ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც ორი ტურა შეიფარა, ერთი შეიყვარა და ძაღლად აქცია, მეორე კი, სახლიდან გააგდო და სამუდამოდ გადაიმტერა. ამბობენ, თითქოს სასოწარკვეთილი კივილით, გაბოროტებული ტურა სწორედ მოღალატე ადამიანს წყევლის.
ტურა თითქმის მთელ ევროპასა და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აზიაში ვრცელდება და ერთნაირად კარგად ეგუება როგორც მშრალი სტეპების, ისე ტენიანი ტყისა და მთის კლიმატს, საკვების ძიებაში შორ მოგზაურობაში ჩაბმული კი, უცხო ტერიტორიებსაც სწრაფად ითვისებს. მართალია, მე-19 საუკუნის ევროპაში ტურა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ენდემად ითვლებოდა, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მთელ კონტინენტზე გავრცელდა. აზიაში ცხოველმა ავღანეთი, ინდოეთი და პაკისტანი, მიანმა, ბუტანი, ნეპალი აირჩია დასაბინავებლად და 3 000 მეტრის სიმაღლეზე დალაშქრა ჰიმალაი, არაბეთის ნახევარკუნძულზე კი, ირანში, ერაყში გამრავლდა და პრაქტიკულად სრულად დაიპყრო აფრიკის კონტინენტი.
ტყის ტურა ხშირი მცენარეების ჯაგნარს ან მაღალ ბალახს ირჩევს დასაბინავებლად, კორდებზე იწყობს ბუნაგს და იშვიათად თხრის სოროს, სტეპის და ნახევრად სტეპის ბინადარი კი, მეტწილად ბუნებრივ ჩაღრმავებას პოულობს მიწაში და მხოლოდ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი იწუხებს თავს სოროს ამოთხრით.