ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის პოსტი შესაძლოა, ირლანდიის ცენტრალური ბანკის მმართველმა დაიკავოს. ფილიპ ლეინის კანდიდატურა ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა წარადგინეს. ლეინი 49 წლისაა, იგი ირლანდიის ცენტრალურ ბანკს 2015 წლიდან მართავს, მისი მმართველობის პეროიდში ირლანდიის ეკონომიკამ სოლიდური ზრდა განიცადა. ფილიპ ლეინის მუშაობამ ქვეყანას ევროზონის ფინანსური კრიზისის დაძლევას შეუწყო ხელი. მისი კანდიდატურა ერთადერთია ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის პოზიციაზე, ამიტომაც ევროკავშირის ლიდერები ამ პოსტზე მას ფორმალურად მარტის ბოლოს დაამტკიცებენ. ფილიპ ლეინი მუშაობას ევროპულ ბანკში ოფიციალურად 31 მაისიდან შეუდგება, იგი ბელგიელ პიტერ პრატს ჩაანაცვლებს, რომლის მუშაობის ვადაც სწორედ მაისის ბოლოს იწურება.