14 და 15 თებერვალს ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა. სენსაციური გამოდგა ,,ბორისოვ არენაზე’’ გამართული ,,ბატე ბორისოვისა’’ და ,,არსენალის’’ დაპირისპირება. მატჩი ,,მეთოფეების’’ უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმის მიწურულს 45-ე წუთზე სტანისლავ დრაგუნმა სტასევიჩის მოწოდებული ჯარიმის შემდეგ თავური დარტყმით გოლის გატანა მოახერხა. მატჩი უიღბლო გამოდგა ,,არსენალის’’ შემტევი ალექსანდრე ლაკაზეტისთვის, რომელსაც ჯერ პირველი ტაიმის საწყის წუთებზე გოლი გაუუქმეს, საბოლოოდ კი მატჩი მისი გაძევებით დასრულდა. საინტერესო გამოდგა თურქული ,,გალათასარაისა’’ და პორტუგალიურ ,,ბენფიკას’’ შორის გამართული შეხვედრაც, თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, საბოლოოდ დაპირისპირება პირენეული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ,,ბენფიკას’’ მხრიდან თავი 27-ე წუთზე ედუარდო სალვიომ, ხოლო 64-ე წუთზე სეფეროვიჩმა გამოიჩინეს. ხოლო გალათასარაიდან 54-ე წუთზე გოლის გატანა ლუინდამმა შეძლო. შთამბეჭდავი გამოდგა შვეიცარიული ,,ციურიხის’’ და იტალიური ,,ნაპოლის’’ მატჩი, რომელშიც სტუმრებმა ანგარიშით 3-1 იმარჯვეს. ეს კარლო ანჩელოტის თაოსნობით ევროპის ლიგაზე მათ მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. თამაშის პირველი ნახევარი ანგარიშით 0-2 დასრულდა. თავდაპირველად თავი 12-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ, ხოლო შემდეგ 21-ეზე კალეხონმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში ნაპოლის უპირატესობა ზელინსკიმ გაზარდა და ანგარიში 3:0 დააფიქსირა. მატჩის მიწურულს 83-ე წუთზე პენალტი დაინიშნა. შვეიცარიელთა მხრიდან ე.წ ,,პანენკა’’ დარტყმით კოლელიმ თავის გამოჩენა და საკუთარი გუნდისთვის მიზერული შანსის დატოვება მოახერხა. ევროპა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალის განმეორებითი მატჩები 21 და 22 თებერვალს ჩატარდება.