ევროპაში ქართული თხილის ფასი კილოგრამზე 6 დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული თხილი თავისი ღირებულებით, მსოფლიოში თხილის ყველაზე დიდი მწარმოებლის, თურქული თხილის ფასს უტოლდება.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციში ამბობენ, რომ გასულ წელს, თხილის მოსავალმა დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გული შეადგინა, აქედან 70% აზიურმა ფაროსანამ დააზიანა. თხილის მწარმოებლების თქმით, წელს გაუმჯობესებულია როგორც თხილის ხარისხობრივი, ასევე მოსავლის რაოდენობრივი მაჩვენებელი.
ფერმერები წელს დაახლოებით 25 000 ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს როგორც გაუტეხავი თხილის, ასევე თხილის გულის ექსპორტი ევროპულ ბაზრებზე.
წლევანდელი მოსავლითა და თხილის ფასით კმაყოფილი არიან ფერმერებიც. მათი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თხილის დაბალი ხარისხის გამო, ევროპელი მყიდველები ქართულ თხილს ფაქტობრივად არ ყიდულობდნენ. წელს კი, წამლობის შედეგად, ფაროსანას მავნე ეფექტი თხილის ბაღებზე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთან, ფერმერების მოლოდინით, თხილის ფასი მომდევნო თვეებში, კიდევ გაიზრდება.
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც.
უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, თხილის წარმოების მიმართულებით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყოს, თურქეთის შემდეგ. ცნობისთვის, თურქულ თხილს, მსოფლიო ბაზრის 75% უჭირავს.