აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან.