2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. როგორც საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ, თუ ვინ დაწერს რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ. რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში შესულ პირებს შესაძლოა, ევროკავშირის მიერ დაუწესდეთ, ელჩის განმარტებით, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს მონახაზი, რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი და შემდეგ გავრცელდეს მოწოდება, რომ სხვებმაც მხარი დაუჭირონ ამ ნაბიჯს.