ევროკომისიამ გერმანიის მთავრობის მიერ Lufthansa-ს რეკაპიტალიზაციისთვის 6 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ევროკომისია თვლის, რომ კომპანიისთვის ოფიციალური ბერლინის დახმარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გადამზიდავი აქციების 20%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემას, სახელმწიფო დახმარების წესებს შეესაბამება.
ამავე დროს, ევროკომისიამ წამოაყენა რიგი მოთხოვნები. კერძოდ, სახელმწიფო სახსრები უნდა დაბრუნდეს დაუყოვნებლივ და ამასთან, Lufthansa-მ ეს დაფინანსება არ უნდა გამოიყენოს ბიზნესის გაფართოებისთვის.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაკომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად გერმანიის მთავრობამ მაისში კომპანიის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. დახმარების პაკეტი ჯამში 9 მილიარდი ევროს შეადგენს. ამ შეთანხმების თანახმად, მთავრობა მიიღებს კომპანიაში 20% -იან წილს, რომელიც შესაძლოა, 25% -მდეც გაიზარდოს.
ცნობისთვის, Lufthansa ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. კომპანიას ავიაკონცერნი Lufthansa Group-ი ფლობს. ამ უკანასკნელის საკუთრებაშია ავიაკომპანიები Austrian Airlines, SWISS და Brussels Airlines.