ევროკომისიამ ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას ევროკომისია მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა, განაცხადა, რომ ხორვატიამ ყველა ზომა მიიღო იმ პირობების შესასრულებლად, რაც შენგენის ზონაში შესვლისთვისაა საჭირო. ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ხორვატიას ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მოუწევს, რათა აღნიშნული პირობები მომავალშიც შენარჩუნდეს, განსაკუთრებით ეს ეხება გარე საზღვრების მართვის საკითხს.
ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა, თუმცა მანამ, სანამ მას შენგენის ზონაში შესვლის ნებართვას მისცემდნენ, ხორვატიას ბრიუსელისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების ეფექტურად მართვა შეუძლია, რაც მიგრანტთა კრიზისის გამო განსაკუთრებულად სენსიტიურ საკითხად ითვლება.
შენგენის ზონა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან 22-ს და 4 არაწევრ სახელმწიფოს - ნორვეგიას, ისლანდიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინს აერთიანებს.