ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან ყველას, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი.
ამასთან, აღნიშნული პერიოდიდან, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება უნდა შეძლონ მათ, ვინც გამგზავრებამდე 180 დღის განმავლობაში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელდა და აქვს ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი ან სერთიფიკატი, რომელიც ითვლება მის ექვივალენტურად.
გარდა ამისა, ყველა ვაქცინირებულ მოგზაურს ვაქცინაციის პირველი ეტაპი 9 თვეზე ნაკლები ხნის წინ უნდა ჰქონდეს დასრულებული, ან „ბუსტერ“ დოზა უნდა ჰქონდეს მიღებული.
ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 6-დან 17 წლამდე ბავშვებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირში გამგზავრება გამგზავრებამდე ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხის საფუძველზე, თუნდაც ვაქცინირებული არ იყვნენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი ტესტის აღება და ვაქცინაცია საჭირო არ არის.