ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ მინისტრები იმ პირთა წინააღმდეგ გეგმავენ სანქციების დაწესებას, ვინც ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და მშვიდობიანი აქციების დარბევაშია პასუხისმგებელი. შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.